პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს მოუსმენენ
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს მოუსმენენ

პარლამენტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დღეს დეპუტატების კითხვებს ლევან მიქაბერიძე უპასუხებს. მთავარი კითხვები, რომელსაც დეპუტატები საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს დაუსვამენ, მისი ბიოგრაფია და წარსული საქმიანობაა.

„ჩვენ მოვუსმენთ მომდევნო კანდიდატს, შესაბამისად გვექნება დეტალური განხილვა როგორც ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, ასევე მის საქმიანობასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება საინტერესო გასაუბრება. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციას აქვს იმის შესაძლებლობა, დასვას შეკითხვები, დარწმუნებული ვარ რომ ეს პროცესები ბოლომდე ისეთივე გახსნილი იქნება, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. მთავარია, რომ კონსტრუქციული შესაძლებლობა ამ პროცესის, როგორც ჩვენ აქამდე წარვმართეთ, ოპიზოციამაც გააცნობიეროს. კრიტიკა მისაღებია, თუმცა მთავარია, ის ჩვენ კონსტრუქციულობის რეჟიმით შევინარჩუნოთ”-განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენამ მართლმსაჯულების სისტემაში ღრმა კრიზის აჩვენა.

„მოსამართლეების მოსმენამ აჩვენა ძალიან ღრმა კრიზისი ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაში. ვხედავთ ჯგუფს ადამიანების, კლანის, რომელიც ემსახურებოდა წინა ხელისუფლებას და ახლა ემსახურება ამ ხელისუფლებას. ანუ მათი პრინციპები არის არა მართლმსაჯულების შექმნა, არამედ ხელისუფლების მსახურება. მეორე პრობლემა, რაც გამოჩნდა, ეს არის ძალიან ღრმა არაკომპეტენტურობის პრობლემა. ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ ადამიანებს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ლევან მიქაბერიძე 2011-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სექტორის უფროსი. 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე კი არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.