პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლალი ფაფიაშვილს მოუსმენენ
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლალი ფაფიაშვილს მოუსმენენ

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს დეპუტატების შეკითხვებს ლალი ფაფიაშვილი უპასუხებს. მმართველ გუნდს ფაფიაშვილთან ძირითადი შეკითხვები მის წარსულ საქმეებთან დაკავშირებით ექნება.

„ლალი ფაფიაშვილს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს მოვუსმენთ და ტრადიციულად, არ იქნება არც დღევანდელი დღე გამონაკლისი, იქნება მწვავე კითხვები, იქნება მოლოდინი პასუხების. დანარჩენ შეფასებას საზოგადოება მოახდენს, ხოლო პარლამენტის წევრები სესიაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს განათლებას უწუნებს.

„მოვუსმინეთ 15 კანდიდატს. პირადად მე მომეწონა ორი, დანარჩენი 90-% არის ან ოროსანი, ან სამოსანი. ამ ორ ადამიანს მივცემ თუ არა ხმას, არ ვიცით, გავარკვევთ მათი დამოუკიდებლობის ხარისხს. ცოდნის მიხედვით 13-მა არ დააკმაყოფილა პირადად ჩემი მოთხოვნები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

1996-2004 წლებ­ში ლალი ფაფიაშვილი მუშაობდა საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა პოზიციაზე: იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი თანაშემწე, 2004-2007 წლებში პარლამენტის წევრი. 2007-2017 წლებში ფაფიაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, 2016-2017 წლებში კი ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 1998 წლიდან დღემდე კანდიდატი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

დატოვე კომენტარი