პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ალექსანდრე წულაძეს მოუსმენენ
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ალექსანდრე წულაძეს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ალექსანდრე წულაძეს მოუსმენენ. ის რიგით მეცხრამეტეა 20 კაციანი სიიდან. ალექსანდრე წულაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თანამშრომელი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორია. მას სამართლის სფეროში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. უვადო მოსამართლეობის კანდიდატთან დეპუტატებს კითხვები მის პროფესიულ გამოცდილებასთან დაკავშირებით აქვთ.

ფრაქცია „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ გამონაკლისის გარდა მოსამართლეობის კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ შესაბამის სტანტარდებს. როგორც გიგია ბოკერია აღნიშნავს, უზენაეს სასამართლოში 20 ვაკანტური ადგილის სრულად შევსება მხოლოდ ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ არასწორი იქნება.

„უკვე აშკარაა, რომ უდიდესი ნაწილი არ უნდა შეივსოს, რადგან ზოგადად არანორმალურია ამდენი ვაკანსიის შევსება ერთი პოლიტიკური ციკლისას და მეორე იმიტომ, რომ კანდიდატები არ არსებობენ, რომლებიც აკმაყოფილებენ არა თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას, არამედ უბრალო მოსამართლეობის სტანდარტსაც კი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ფარსია.

„სამწუხაროდ, ეს პროცესი იქნება მაინც ფარსი, რადგან შედეგს მაინც გადაწყვეტს ივანიშვილი, რომლის მორჩილებაშიც არის მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, რომელიც აკონტროლებს სასამართლო სისტემას და ისინი შეარჩევენ ყველაზე მორჩილ მოსამართლეებს“, – აღიშნა თინა ბოკუჩავამ.

მმართველ გუნდში ოპოზიციური პარტიების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, უმრავლესობა გადაწყვეტილებას კანდიდატებისგან მწვავე კითხვებზე პასუხების მოსმენის შემდეგ მიიღებს. მისივე თქმით, მოსამართლეობის კანდიდატები შეფასდებიან როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის კრიტერიუმებით.

„შეკითხვები, რა თქმა უნდა, ტრადიციულად დაკავშირებული იქნება როგორც მის ამჟამინდელ საქმიანობასთან, ასევე მის გამოცდილებასთან. ჩვენ შევაფასებთ ისევე როგორც ყველა სხვა კანდიდატს, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ისე სხვა კრიტერიუმების თვალსაზრისით, რომელიც აუცილებელია ჩვენთვის, რათა შემდგომში კომიტეტის წევრებმა შევაფასოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ დასრულდება. ამას შემდეგ კი პროცესი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, სადაც დეპუტატები კანდიდატებს ინდივიდუალურ რეჟიმში უყრიან კენჭს.