პარლამენტში თეა ახვლედიანს მოუსმინეს
პარლამენტში თეა ახვლედიანს მოუსმინეს

საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუსმინეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.

სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომისიის დახურულ სხდომაზე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე, ასევე ინიციატივის ფარგლებში მოქმედი „მშვიდობის ფონდის“ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

თეა ახვლედიანმა კომისიისა და კომიტეტის წევრების, ასევე მოწვეული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

„დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე შესაძლებლობა გვქონდა, სიღრმისეულად განგვეხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის შედეგები, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივების შემდგომი განვითარების ხედვა. ეს წარიმართა პროცესით დაინტერესებული აქტორების, მათ შორის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. მნიშვნელოვანია, რომ შედეგები და ის პროგრესი, რომლებზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, მიღწეულია საქართველოში მიმდინარე უკანონო რუსული ოკუპაციის ფონზე შექმნილი სირთულეების რეალობაში. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამშვიდობო ინიციატივებით დანერგილი იმ სტატუსნეიტრალური მექანიზმების მოქმედებაზე, მათ შორის, „მშვიდობის ფონდის“ საქმიანობაზე, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ნამდვილად უნიკალურ მექანიზმად ჩვენი პოლიტიკის“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.