პარლამენტში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართება
პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, საკითხის დღის წესრიგში დაყენება ბოლო დროს სამშენებლო ობიექტებზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევებმა განაპირობა.
მისი თქმით, არაერთი რეფორმის მიუხედავად სისტემაში კვლავ ხარვეზებია, კითხვებზე პასუხების მისაღებად კი, საჭიროა საკომიტეტო მოსმენა.
სოფო კილაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში გარკვეულ კანონპროექტზეც დაიწყება მუშაობა.
„ბუნებრივია, უნდა გავაანალიზოთ, რეფორმების მიუხედავად რატომ არის ასეთი მდგომარეობა. ამას სჭირდება საკომიტეტო მოსმენა, რათა კარგად მოვისმინოთ ანგარიშები და შემდგომში კონსულტაციების გზით გადავწყვიტოთ, რა შეიძლება გავაუმჯობესოთ, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავიცვათ სამუშაო ადგილებზე. ვგეგმავთ გარკვეული ფორმა გამოვძებნოთ, რომ სამომავლოდ კონკრეტულ კანონპროექტზე დავიწყოთ მუშაობა, თუ ასეთი საჭიროება გამოიკვეთება. ჯერ უნდა ვნახოთ, სად გვაქვს პრობლემა, რომ შემდგომში ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ვიმუშაოთ”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
დღევანდელ საკომიტეტო მოსმენას დაესწრებიან საზედამხედველო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.