პარლამენტში შესაძლოა „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელონ
პარლამენტში შესაძლოა „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელონ

პარლამენტში შესაძლოა „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელონ. ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„გვაქვს გამოცდილება, რამდენად დაეხმარა საპარლამენტო კომისია გამოძიებასა და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. რეალურად, ამ საქმეზე სამართალდამცავმა ორგანოებმა მოიძიეს გარკვეული მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს საგამოძიებო კომისიის შექმნა, სამსჯელო თემაა. ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით ამაზე არ გვქონია მსჯელობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე.

მისი განცხადებით, „თიბისი ბანკის“ საქმეზე გამოძიება კომისიის შექმნის გარეშეც ობიექტურად წარიმართება, რადგან პროცესს დიპლომატები აკვირდებიან. სიმონ ნოზაძე ასევე გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მის პოლიტიკაში მოსვლას უკავშირდება.

„ძალიან გავაუბრალოვეთ ეს უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. ამაზე დავთანხმდით ხორავას ქუჩის საქმის შემთხვევაში, რადგან ძალიან დიდი საპროტესტო მუხტი იყო საზოგადოებაში. რამდენი ყოფილ მაღალჩინოსანს დაიჭერენ, ვიძახო, კომისია შეიქმნას-მეთქი?“- განაცხადა სიმონ ნოზაძემ.