პარლამენტში სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებზე მსჯელობენ 
პარლამენტში სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებზე მსჯელობენ 

სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

კანონპროექტს დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნუკრი გელაშვილი აცნობს. კომიტეტის სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია არ ესწრება.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა განმარტა, აქტიური სარეზერვო სამსახური ნებაყოფლობითი იქნება და იქ ჩარიცხვა მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება აქვთ. სურვილის შემთხვევაში კი კონტრაქტი ხუთწლიანი ვადით გაფორმდება და ყოველთვიურ შრომით გასამრჯელოსაც მიიღებენ.

მისივე თქმით, აქტიური სარეზერვო სამსახური საპილოტე პროექტის სახით, წელს ამოქმედდება და პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიღება იგეგმება.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით, სამობილიზაციო რეზერვი სავალდებულო იქნება. კანონპროექტის მიხედვით, სამობილიზაციო რეზერვში 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები ჩაირიცხებიან და ისინი შრომის ანაზღაურებას მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში მიიღებენ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნუკრი გელაშვილის განცხადებით, რეზერვში გაწვევის დროს დასაქმებულ პირებს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდებათ.

„სამობილიზაციო რეზერვის დროს, როდესაც პიროვნება გაივლის წრთვნას 45 დღის განმავლობაში შრომის სტაჟში ჩაეთვლება. ხოლო აქტიური რეზერვის შემთხვევაში, ფაქტობრივად მთლიანი კონტრაქტის პერიოდი ჩაეთვლება შრომის სტაჟში. ეს პიროვნებები ასევე ისარგებლებენ სხვა იმ გარანტიებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურისთვის არის გათვალისწინებული, იმ პერიოდში, როდესაც ისინი ჩართულნი იქნებიან რეზერვის საქმიანობაში”, – განაცხდა გელაშვილმა.