პარლამენტში, საქართველოში გაერო-ს 25-წლიანი საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო
პარლამენტში, საქართველოში გაერო-ს 25-წლიანი საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი საქართველოში 25-წლიანი საქმიანობისას განხორციელებულ პროექტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარმოუდგენს.

პარლამენტში აღნიშნული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონული მისიის ხელმძღვანელ იოჰანეს ფან დერ კლაუს განცხადებით, დიდია პარლამენტის როლი იძულებით გადაადგილებულ, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა უფლებების დაცვის კუთხით. საკანონმდებლო ორგანოს ამის გარდა, აქვს ბერკეტი აკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობა.

ერთობლივ საინფორმაციო შეხვედრაზე ორგანიზაციამ საქმიანობის ამსახველი ფილმი წარმოადგინა, ამის შემდეგ კი განიხილავენ თემას „იძულებით გადაადგილებულ, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა მდგომარეობა საქართველოში“.

პარლამენტარებს წიგნები გადაეცათ, რომელშიც თავმოყრილია საერთაშორისო სტანდარტები, თუ როგორ უნდა იცავდეს სახელმწიფო იძულებით გადაადგილებულ, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა უფლებებს.