პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი გაიმართება
პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი გაიმართება

პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში საერობო (თვითმმართველობის) არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორი, ადამ შმიდტი და გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი საქართველოში, გიგი ბრეგაძე.

ფორუმზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის 120-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას განიხილავენ.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თვითმმართველი ქალაქების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ქვეყნის ყველა რეგიონიდან, ცენტრალური ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, 2018 წელს დაარსდა. იგი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქტული დიალოგის პლატფორმაა და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, 12 რეგიონის გუბერნატორს და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.

ფორუმის ხელშემწყობები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), World Vision და დანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობები.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.