პარლამენტში საპენსიო სააგენტოს დირექტორს მოუსმენენ
პარლამენტში საპენსიო სააგენტოს დირექტორს მოუსმენენ

საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ექვსი თვის ანგარიშს წარადგენს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, სააგენტოს აქტივები გაიზარდა და მილიარდ 550 მილიონ ლარს აღწევს. მისივე თქმით, დეპუტატების კითხვები სხვადასხვა საკითხებს შეეხება, მათ შორის, თუ რა რისკებს შეიცავს ინფლაცია და რა გავლენა იქონია პანდემიამ საპენსიო ფონდზე, ასევე, რა ინვესტიციებში წარიმართება მოქალაქეების დანაზოგი 2023 შემდგომ, რაც გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება.

„საპენსიო სააგენტოს ანგარიშის მოსმენა ჩვენ ტრადიციად დავამყარეთ ჩვენს კომიტეტში. გვინდა, რომ ექვსი თვის შედეგები მოვისმინოთ, 2021 წლის განმავლობაში რა გავლენა მოახდინა პანდემიამ სააგენტოს მუშაობაზე. ვიცით, გარკვეული კითხვები არსებობს ამასთან დაკავშირებით, იგივე ინფლაციამ რა გავლენა მოახდინა და ეს კითხვები გვექნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2021 წლის ექვსი თვის განმავლობაში სააგენტოს აქტივები გაეზარდა და აღწევს უკვე მილიარდ 550 მილიონს. ასევე, მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს მიღებული. კითხვები ექნებათ, დარწმუნებული ვარ, როგორც უმრავლესობის წევრებს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი უკვე ესწრებიან საკომიტეტო განხილვებს და ვფიქრობ, იქნება საკმაოდ საინტერესო განხილვა ასევე მომავალ ინვესტიციებთან დაკავშირებით, სად აპირებენ ისინი ინვესტიციების განახლებას მას შემდეგ, რაც 2023 წლის შემდეგ გარკვეული შეზღუდვები ეხსნებათ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს იქნება საინტერესო განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.