პარლამენტში, საკომიტეტო ფორმატში 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მოსმენა დღეს გაიმართება
პარლამენტში, საკომიტეტო ფორმატში 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მოსმენა დღეს გაიმართება

პარლამენტში, საკომიტეტო ფორმატში, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ამავე ანგარიშის შესახებ აუდიტის სამსახურის მოხსენების მოსმენა გრძელდება. დღეს მოსმენა რამდენიმე კომიტეტში გაიმართება, სადაც დეპუტატები მათი დარგის მანდატიდან გამომდინარე შესაბამისი სამინისტროების ბიუჯეტის შესრულების საკითხს გაეცნობიან.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ამ მხრივ კმაყოფილია განათლების სამინისტროს მუშაობით. მისი განცხადებით, 2018 წელს ბიუჯეტის შესრულებამ დაგეგმილ ფინანსურ რესურსს გადააჭარბა. კერძოდ, დაფინანსდა 2082 საჯარო და 200-მდე კერძო სკოლა. თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარეს კითხვები აქვს პროფესიული განათლების საკითხზე, რომელთან მიმართებაშიც მისი თქმით, ბიუჯეტის დაბალი შესრულება ფიქსირდება.

„ჩვენ განვიხილავთ 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ჩვენი დარგობრივი კომიტეტების მანდატიდან გამომდინარე. ზოგადად, როგორც თავად ბიუჯეტი, ასევე უშუალოდ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით 2018 წელს პრაქტიკულად 100%-ზე მეტად შესრულდა, ფაქტიურმა შესრულებამ გადააჭარბა დაგეგმილ ფინანსურ რესურსს და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოხდა უწყვეტად დაფინანსება, როგორც 2082 საჯარო სკოლის, ასევე 200-მდე კერძო სკოლის, როგორც პედაგოგთა, ასევე მოსწავლეთა სასწავლო პროცესის. 66 სკოლის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა დასრულდა 2018 წელს და მოხდა ამ სკოლებში ლაბორატორიების თანამედროვე ტექნიკით სრული აღჭურვა. მთავარი კითხვები ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, რჩება პროფესიული განათლების საკითხზე. არის შედარებით დაბალი შესრულება, ეს უკავშირდებოდა საკანონმდებლო პროცესსაც, რომელიც მიმდინარეობდა 2018 წელს, მაგრამ რამდენადაც პროფესიული განათლება ჩვენთვის რჩება პრიორიტეტი, არის მნიშვნელოვანი, რომ გააქტიურდეს ამ კუთხით, როგორც ბიუჯეტის შესრულება, ასევე ახალი ინიციატივები და ძალიან გვიხარია, რომ 2018 წლის განხილვების შემდგომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინკლუზიური განათლების დაფინანსება და თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობების განვითარება რჩება ბუნებრივია სისტემისთვის უაღრესად მნიშვნელოვან მიმართულებად“,- განაცხადა ჯაშმა.

დეპუტატებს გასული წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე გააცნობს. მასთან საპარლამენტო ოპოზიცია „ევროპული საქართველოს“ წევრს ზურა ჭიაბერაშვილს შეკითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რატომ არ ამცირებს გადასახადებს მთავრობა.

„თუ საქართველოს თითოეული მოქალაქე დასვამს კითხვას, ცხოვრობს თუ არა დღეს უკეთესად თუ უარესად, ალბათ უმრავლესობა ადამიანებისა იტყვის, რომ ცხოვრება უფრო გაძვირდა და გაუარესდა მათი ყოფა. ამაში მთავარი წვლილი სამწუხაროდ მიუძღვის იმ არასწორად და უყაირათოდ დაგეგმილ ბიუჯეტს, როგორიც იყო 2018 წლის ბიუჯეტი, რომელიც ჰგავდა წინა წლების ბიუჯეტებს და სამწუხაროდ, არც 2019 წლის ბიუჯეტი განსხვავდება ამისგან. ბიუჯეტი არის საშუალება მთავრობისთვის, რომ ისე წაიყვანოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, ჰქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დაბალი გადასახადები იქნება, იქნება ნაკლები რეგულაცია და მთავარი კითხვა, რაც ჩვენ ამ განხილვების დროს გვექნება მთავრობასთან, არის, რატომ ვერ ამბობს მთავრობა უარს ხალხის ჯიბიდან ზედმეტი ფულის ამოღებაზე ანუ რატომ არ სწევს დაბლა გადასახადებს იმისთვის, რომ ფული დარჩეს ხალხში, ფული დარჩეს ბიზნესში, ფულმა იტრიალოს, ჰქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, იქმნებოდეს სამუშაო ადგილები და ძლიერ ეკონომიკას ბუნებრივია, მოჰყვება ძლიერი ლარი და ძლიერი ლარი ნიშნავს ფასების სტაბილურობას”,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ანგარიშის მოსმენა დღეს დაგეგმილია იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე.