პარლამენტში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს მოუსმინეს
პარლამენტში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს მოუსმინეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე მოუსმინეს.

სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომისიის დახურულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით ჩართულობის და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგების, იქნება ეს ამ სამშვიდობო ინიციატივების შემდგომი განვითარების, თუ სტრატეგიული გადახედვის კოორდინაციის პროცესი, ჩვენ უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ინტენსიურ თანამშრომლობას საპარლამენტო განზომილებაში. სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი ჩემი გამოსვლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის ფარგლებში, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს რეგულარული თანამშრომლობა, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორის საზოგადოებასთან, რომელიც ასევე ესწრებოდა დღევანდელ სხდომას. განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ის ურთულესი გამოწვევები, რომლებიც არის ადგილზე, მათ შორის ჰუმანიტარული და უფლებრივი თვალსაზრისით, ასევე ვიმსჯელეთ ჩვენს სამომავლო ხედვებზე და იმ უაღრესად მნიშვნელოვან და აქტუალურ მიმართულებებზე, რომელთა კუთხითაც ვგეგმავთ ერთობლივი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას ჩვენი საერთო მიზნის მიღწევის კუთხით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.