პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს
პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვა დღეს იწყება. კორექტირებულ ბიუჯეტს კანონმდებლები დღეს სამ კომიტეტში განიხილავენ.

შეცვლილ ბიუჯეტში შემოსავლები მილიარდ 800 მილიონით მცირდება, ასევე 600 მილიონით მცირდება ხარჯვითი ნაწილი.

ყველაზე მეტად დაფინანსება განათლების და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს უმცირდებათ. პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად მთავრობა ზრდის საგარეო და საშინაო ვალს. სახელმწიფო წელს 14-ის ნაცვლად 16 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს.

„დღეს იწყება საბიუჯეტო განხილვები ყველა კომიტეტსა და ფრაქციაში.  კორექტირებულ ვერსიაში შეცვლილია ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი. ბიუჯეტში ჩადებულია ყველა ის პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსთან და ჩვენი თანამემამულეების სოციალურ დაცვასთან. შემაჯამებელი განხილვა გვექნება მომდევნო კვირაში, ხოლო განხილვებს დავასრულებთ ივნისის ბოლოს სასესიო კვირაში“, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

​კორექტირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციას არაერთი შენიშვნა აქვს. ძირითადი კითხვები ხარჯების შემცირებასა და პანდემიის გამო დაზარალებული მოქალაქეების დახმარების სქემას უკავშირდება.