პარლამენტში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის შედეგებზე იმსჯელებენ
პარლამენტში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის შედეგებზე იმსჯელებენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის შედეგებზე იმსჯელებენ. შეხვედრას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

დისკუსიაში მონაწილე „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ, რა შედეგები მოჰყვა ქულათა სისტემის ამოქმედებას და ჯარიმების გამკაცრებას.

„განვიხილავთ, რა შედეგები მოჰყვა იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც შარშან საგზაო უსაფრთხოების სფეროში განხორციელდა. ეს არის ქულათა სისტემა და სხვადასხვა საგზაო დარღვევაზე ჯარიმების გამკაცრება.

დღეს კანონში არ გვაქვს ჩანაწერი, როგორ უნდა გადაადგილდებოდნენ ავტომობილით 12 წლამდე ბავშვები. შარშანდელი სტატისტიკა მიგვანიშნებს, რომ მგზავრობისას დაღუპულ მოზარდთა რაოდენობა გაზრდილია. შესაბამისად, დღის წესრიგში სასწრაფოდ არის დასაყენებელი საკითხი, რომ დაცული იყვნენ ბავშვები“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.