პარლამენტში საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ
პარლამენტში საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ

საკანონმდებლო ორგანოში დღეს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ.

კანონპროექტის მიხედვით, მიმდინარე წლის ივლისიდან იცვლება მცირე ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 1 %-იანი განაკვეთით დაიბეგრება, ნაცვლად 5 %-ისა. მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა კი 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე იზრდება.

ცვლილებების მიხედვით, გადასახადის დეკლარირება და გადახდა მოხდება ყოველთვიურად, უქმდება ე.წ. საავანსო გადასახდელები. ასევე, მცირე ბიზნესისთვის ბუღალტერული აღრიცხვის ერთადერთი ვალდებულება სპეციალური ჟურნალის წარმოება იქნება.

განმარტებით ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებაა.

ამ პაკეტისგან განსხვავებით, დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს ალტერნატიულ პროექტს, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა. მომხსენებელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ გაუარესებული ეკონომიკური გარემოს პირობებში დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ვერ დაეხმარება.