პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობენ
პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობენ

პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე მსჯელობენ. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლები, ასევე საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ესწრებიან.

როგორც ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის პროცედურებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არსებობს, რომელთან დაკავშირებითაც შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართება.

„მსჯელობის საგანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. შევჯერდებით, როგორ შეგვიძლია პოზიციების დაახლოება და თუ არის რესურსი იმის, რომ კანონმდებლობა დაიხვეწოს. საუბარია დასაბუთების საკითხზე, ღია კენჭისყრაზე. ყველაფერს თავისი ორი მხარე აქვს, შეხვედრაზე განიხილება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საუბარია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ იმ ცვლილებებზე, რომლის გათვალისწინებით, უზენაესი სასასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს.

დასაბუთების სტანდარტის გარდა, ასევე შესაძლებელი იქნება, უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება. თუმცა, როგორც ინიციატორები განმატავენ, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილებას თავად იუსტიციის საბჭო იღებს, ეს პროცესი უფრო შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდება.

დატოვე კომენტარი