პარლამენტში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირი და პარტნიორები” მიმდინარეობს
პარლამენტში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირი და პარტნიორები” მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირი და პარტნიორები” მიმდინარეობს.

კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა გაიმართება ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, ევროინტეგრაციით განპირობებული ცვლილებების დადებით შედეგებსა და გამოწვევებზე.

ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებიან.

ამ წუთებში, კონფერენციაზე სიტყვით ირაკლი კობახიძე გამოდის. კონფერენციაში 17 ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) წარმომადგენლები.

ამასთან, სიტყვით გამოვლენ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ჩარნეცკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი.

საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია ტარდება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.