პარლამენტში სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ
პარლამენტში სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტში სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობა გაგრძელდება.

საპროცედურო კომიტეტზე დღეს აღნიშნულ ინიციატივაზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ, შემდეგ კი კანონპროექტი მეორე მოსმენით პლენარულ სესიაზე გავა.

რეგლამენტში ცვლილებები პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომლის გათვალისწინებით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის საჭირო იქნება 90 დეპუტატის მხარდაჭერა 50-ის ნაცვლად.

„ზოგადად, ოპოზიციისგან იყო გამოთქმული სხვადასხვა მოსაზრება. დღეს არის ჩვეულებრივი კვორუმი, ანუ დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ ორმოცდაათი დეპუტატისა. შესაბამისად, ეს კვორუმი ავწიეთ ოთხმოცდაათ დეპუტატამდე, გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ, რომ ეს საკმარისია ამ ეტაპზე. ამ შემთხვევაში, ჩვენ – უმრავლესობა ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას, საჭიროა ოპოზიციის ჩართულობა იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია.

ოპოზიციაშიც არის განსხვავებული მოსაზრებები; ზოგს მიაჩნია, რომ უფრო მაღალი კვორუმი უნდა არსებობდეს, მაგრამ ზოგს მიაჩნია, რომ უფრო მაღალი კვორუმი მეორე პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება დაბლოკოს პირიქით მოხსნის თემა. აქედან გამომდინარე, პარლამენტის 90 წევრის თანხმობა ამ ეტაპზე არის ყველაზე ოპტიმალური”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით გუშინ პლენარულ სესიაზე განიხილეს. კანონპროექტს მხარი 98 დეპუტატმა დაუჭირა.