პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენება პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება
პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენება პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება

პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წლიური მოხსენებით გამოსვლა პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება. როგორც ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა, პოლიტიკური დებატების ფორმატი ნებისმიერ დეპუტატს საშუალებას მისცემს, პრეზიდენტის გამოსვლაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს.

დეპუტატის განმარტებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, რეგლამენტი ორ ფორმატს ითვალისწინებს -ფრაქციების თავმჯდომარეების გამოსვლასა და პოლიტიკურ დებატებს.

“როგორც გახსოვთ, ამ საკითხის განხილვა ყოველ წელს საკმაოდ აქტუალური ხდებოდა და ოპოზიცია დებატების სურვილს გამოთქვამდა. ამჯერად მათ ასეთი სურვილი არ გამოუთქვამთ. პრეზიდენტის მხრიდან შესაძლოა ეს ბოლო დროინდელ მოვლენებს უკავშირდებოდეს, რომელიც მის გარშემო განვითარდა და საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა. გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ ამჟამად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართოს. ეს არის ფორმატი, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს მეტ შესაძლებლობას აძლევს ქვეყანაში არსებულ მდგომარებაზე თავიანთი შეხედულებები და მოსაზრებები გამოთქვან”, – განაცხადა კახიანმა.

კანონმდებლის ცნობით, პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ექნებათ, ფრაქციებს 15-15 წუთი, დამოუკიდებელ დეპუტატს – 5 წუთი.

“ეს ფორმატი ნებისმიერ დეპუტატს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების საშუალებას მისცემს “, – დასძინა კახიანმა.

პრეზიდენტი პარლამენტში წლიურ ანგარიშს 2 მაისის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.