პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვის პროცედურა მარტივდება
პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვის პროცედურა მარტივდება

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური დებატების გამართვის პროცედურა მარტივდება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს განიხილავდნენ.

„პოლიტიკური დებატების გამართვისთვის პროცედურა მარტივდება. პოლიტიკური დებატების გამართვის შესაძლებლობა შემოთავაზებული გვაქვს 30 ხმით, რადგან პარლამენტი სწორედ პოლიტიკური დებატების ადგილია და მეტი სივრცე უნდა არსებობდეს, რათა საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკური დებატები იმართებოდეს უფრო ხშირად, ვიდრე ეს დღეს ხდება. ჩვენს საქმიანობას ამ წესის შემოღება ბევრად უფრო დინამიურს ​და ასევე საზოგადოებისთვის საინტერესოს გახდის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია და გურამ მაჭარაშვილი. კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.