პარლამენტში ნატო-საქართველოს პარტნიორობის საკითხზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართება
პარლამენტში ნატო-საქართველოს პარტნიორობის საკითხზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართება

ნატო-საქართველოს პარტნიორობის თემაზე დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართება.

პარლამენტის კომიტეტში მიწვეული არიან: ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში როსარია პულისი; ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი; ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი.

ნატოელი პარტნიორები დეპუტატებს პარლამენტარებს საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში პირველად ნატო-საქართველოს პარტნიორობის შესახებ გააცნობენ ინფორმაცია.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ ნატოელი პარტნიორები კომიტეტზე დეპუტატებს მიაწვდიან ინფორმაციას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ. ბერაიას თქმით, ნატო-საქართველოს პარტნიორობა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა.

„ნატო-ში ინტეგრაცია არის საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ამ მოსმენის ფარგლებში უშუალოდ ნატოელი პარტნიორებისგან მოვისმენთ ინფორმაციას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და გაწევრიანების პრაქტიკული ინსტრუმენტების იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. ზოგადად იცით, რომ ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. ამას ადასტურებს ალიანსის მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ამას ადასტურებს ნატო-ს გენერალური მდივნის სამხედრო კომიტეტი, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტების გაზრდილი რაოდენობა საქართველოში, ასევე საქართველოს მხრიდან ალიანსის შტაბბინაში განხორციელებული უმაღლესი დონის ვიზიტების გაზრდილი რაოდენობა. პრემიერი რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა ალიანსის შტაბბინას, რაც ადასტურებს ჩვენი ურთიერთობების სიმტკიცეს და მზარდ დინამიკას. რაც შეეხება პრაქტიკულ მიმართულებას, საქართველო ფლობს ალიანსში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს. ალიანსის მხრიდან მოხდა არსებითი პაკეტის განახლება და გაძლიერება საქართველოს მხარდაჭერის თვალსაზრისით. ასევე, მნიშვნელოვანი არის შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს ჩართულობა და ამ კონტექსტში ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის ახალი ზომები, რაც არის იმპლემენტაციის საკმაოდ აქტიურ ფაზაში და ეს ყველაფერი ადასტურებს ჩვენი ურთიერთობების სიმტკიცეს და უპრეცედენტო მასშტაბებს. სწორედ ამ ურთიერთობებზე, ამ პარტნიორობაზე გვექნება საუბარი საკომიტეტო მოსმენაზე ჩვენ ნატოელ პარტნიორებთან“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.