პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან. განხილვის მთავარი თემა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში იქნება.

„ნაციონალური მოძრაობა” 2018 წლის ბიუჯეტს უარყოფითად აფასებს. დეპუტატ რომან გოცირიძის თქმით, ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა.

„დღეს ფრაქცია განიხილავს 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, ბიუჯეტისა, რომელმაც ძალიან ცუდი კვალი დატოვა ქართულ ეკონომიკაზე. დაახლოებით 600 მილიონი დარღვევა იყო წლის ბოლოსთვის, ძირითადად ინფრასტრუქტურული და კაპიტალური პროექტების კუთხით.

ფაქტია, რომ ბიუჯეტიდან უამრავი ფული იფლანგება არარაციონალურ, არაეფექტიან პროექტებზე.  ამასთან, გაბერილია შტატები, ადამიანები დასაქმებულები არიან პარტიული თუ სხვა ნიშნით. ამ ბიუჯეტის წყალობით გაიზარდა ქვეყანაში ფასები და გაუფასურდა ლარი. ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ ბიუჯეტის არათანაბარზომიერი ხარჯვა. ახლა ბიუჯეტიდან დახარჯულია დაახლოებით ხუთი მილიარდი ლარი და დარჩენილ პერიოდში უნდა დაიხარჯოს ათი მილიარდი. ეს წარმოუდგენლად დიდი რიცხვია და ალბათ შარშანდელ სცენარს დაინახავთ, იგივე ხარჯების ჩამორჩენის კუთხით”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის რეკომენდაციები ბიუჯეტთან დაკავშირებით გათვალისწინებული იყოს.

„მოხარული ვარ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არის გახსნილი საქართველოს პარლამენტის მიმართ, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მზად და სამინისტროც იქნება მზად, მოისმინოს ოპოზიციის შენიშვნები და თუ შეგვიძლია ამ შენიშვნების გათვალისწინება და თუ ეს პოზიტიურ წვლილს შეიტანს ბიუჯეტის შემუშავების პროცესში, ეს რეკომენდაციები შეიძლება, იყოს გათვალისწინებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.