პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო მოსმენები იწყება
პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო მოსმენები იწყება

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მიმდინარე კვირაში ახალ მთავრობას ნდობას გამოუცხადებს. დღეიდან პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები დაიწყება.

სამთავრობო პროგრამის ძირითადი ნაწილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ეთმობა.

არ არის გამორიცხული მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებაც განხორციელდეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის მიმართულება ისევ ცალკე გამოეყოს.

გიორგი გახარიას კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრი იქნება. იუსტიციის სამინისტროს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაიბარებს. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად უცვლელად წარედგინება.

„მთლიანად სამთავრობო პროგრამა აწყობილია იმაზე, რომ აღვასრულოთ ჩვენს მიერ გაცხადებული ძირითადი მიზანი, 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთება. პროგრამა მთლიანად ორიენტირებული იქნება ამ მიზნის შესრულებისკენ. ჩვენი მხრიდან კითხვები და ინტერესი იქნება, როგორ ვაღწევთ ამ მიზანს ერთობლივად, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე პარლამენტი. ამის გარდა, რა თქმა უნდა, სამთავრობო პროგრამის, რომელიც ამ კვირაში იქნება განხილული და მინისტრებთან შეხვედრების, ისევე, როგორც მომდევნო კვირაში ბიუჯეტის განხილვის ძირითადი ტენდენცია იქნება პანდემია, პანდემიის შედეგად დაზარალებული სექტორები და ამ ყველაფრის მართვა. ვიცით, რომ გლობალური ტენდენციაა ეკონომიკის ზრდის შეჩერება და შესაბამისად, შემოსავლების კლება ჩვენს ბიუჯეტში, რაზეც გარკვეულწილად იქნება მორგებული როგორც პროგრამა, ასევე ბიუჯეტი და სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები შეიძლება, გარკვეულწილად დაპაუზდეს, თუმცა უკვე წარმოდგენილ გეგმაში ვკითხულობთ, რომ ოთხ პროცენტზე მეტი იქნება ეკონომიკური ზრდა, გვაქვს მოლოდინი, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე 2021 წლის ბოლოდან ჩვენ დავიწყოთ ეკონომიკის გაჯანსაღება, რომელიც საკმაოდ კარგ ნიშნულზე იყო პანდემიამდე“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დატოვე კომენტარი