პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ. მაია ცქიტიშვილი დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება.

ცქიტიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მათი შეკითხვები, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხება. დეპუტატები ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილით ინტერესდებიან.

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმ ფუნქციას, რასაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასრულებს.

„საქართველოს სატრანზიტო რესურსი არის მისი სტაბილურობის, მისი უსაფრთხოების გარანტი და ამას, რასაკვირველია, ეს ხალხი უზრუნველყოფს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ 24-საათიანი რეჟიმით, აშენებენ ამ გზებს. რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტსაც, მაგრამ ეს შემაერთებელი ტრასები ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით, დასავლეთით არის სწორედ ის, რაც საქართველოს მსოფლიო სტრატეგიულ რუკაზე უჩენს ადგილს და აძლიერებს მის პოზიციას. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია თუ ესწრება, რაღაც პოლიტიკური ცირკის მოწყობაზე ფიქრობს მუდმივად, ან ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება მაშინ, როცა კრიტიკული შეკითხვებიც თუ კომენტარებიც აქ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინფრასტრუქტურის მინისტრს კითხვებს ასევე დაუსვამენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც. დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, კითხვები ძირითადად ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ექნება. მისივე განცხადებით, მინისტრს კითხვებს მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებითაც დაუსვამს.

„ძირითადი საკითხი, რაზეც უნდა იყოს საუბარი, გარდა იმისა, რომ რამდენიმე კონკრეტული პროექტი განხორციელდა და როგორ მიდის ბიუჯეტის შესრულება, ეს არის, ეკონომიკური სტიმულირების მექანიზმი, როგორიც არის სახელმწიფოს დანახარჯები ინფრასტრუქტურაში, როგორ შედეგებს გვაძლევს, ერთი მხრივ, თვითონ გზებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით და მეორე მხრივ, ეკონომიკაზე როგორ გავლენას ახდენს, მათ შორის დასაქმების მაჩვენებლებისა და სხვა ინკლუზიური მექანიზმების გათვლის კუთხით. აი, ეს ანალიზებია უფრო საინტერესო, თვისობრივი ანალიზი იმ რაოდენობრივთან ერთად, რომელიც, ტრადიციულად, გვაქვს ხოლმე“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.