პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ

საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ. ივანე მაჭავარიანი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს წარდგება.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, ფინანსთა მინისტრი საფინანსო სექტორში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილებს ყურადღებას. ასევე, კოვზანაძის თქმით, დეპუტატების მთავარი კითხვა იქნება, რამდენად ეფექტურად სრულდება 2020 წლის ბიუჯეტი.

კოვზანაძის განცხადებით, ივანე მაჭავარიანი ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრებს.

„სამთავრობო საათის“ ფორმატში ველოდებით ფინანსთა მინისტრს. ვფიქრობ, რომ იქნება საინტერესო და საქმიანი გამოსვლა. იქნება ყველა მიმართულებით საუბარი საფინანსო სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ასევე დაგეგმილ ინიციატივებზე, მათ შორის საინვესტიციო ფონდების კანონპროექტზე, რომელიც ცოტა ხანში უნდა შემოვიდეს პარლამენტში“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ

საპარლამენტო ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობს და ფინანსთა მინისტრის გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში არ დაესწრება. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ფინანსთა მინისტრის საქმიანობას უარყოფითად აფასებს და ყურადღებას პროდუქტებზე გაზრდილ ფასებზე ამახვილებს.

„ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ნებისმიერი წევრი, საერთოდ არ ინტერესდება ხალხის პრობლემებით, რადგან მათ არათუ არ შეუძლიათ ხალხის პრობლემების გადაჭრა, არამედ არც აინტერესებთ, რამდენად გაურთულა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს ცხოვრება, რამდენად გაძვირდა ცხოვრება. ადამიანები ვერ შესულან მაღაზიასა და აფთიაქებში. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანებთან დიალოგსაც აზრი არ აქვს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში უკვე მოუსმინა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.