პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში 6 ოქტომბერს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ, 7 ოქტომბერს კი ომბუდსმენის წლიურ ანგარიშს განიხილავენ
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში 6 ოქტომბერს, ხუთშაბათს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, 7 ოქტომბერს, პარასკევს კი ომბუდსმენის წლიურ ანგარიშს მოისმენენ.
ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„38-ე საკითხი გახლავთ მინისტრის საათი. მიმდინარე კვირას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება მინისტრის საკითხით წარმოდგენილი. ხუთშაბათს იქნება მინისტრის საათი. პირველადი გეგმა იყო, რომ ხუთშაბათს ყოფილიყო ომბუდსმენის წლიური ანგარიში და პარასკევს „მინისტრის საათი“, თუმცა მინისტრისგან თხოვნა იყო, ვინაიდან ვიზიტი არის, თუ არ ვცდები, აზერბაიჯანელი კოლეგა ჩამოდის, ომბუდსმენთანაც გვქონდა კომუნიკაცია და გადავანაცვლეთ. ხუთშაბათს იქნება „მინისტრის საათი“, პარასკევს ომბუდსმენის ანგარიშის მოსმენა პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.