პარლამენტში მედიის წარმომადგენელთა დაშვება 21 მაისიდან განახლდება, შენობაში შესვლისას მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ
პარლამენტში მედიის წარმომადგენელთა დაშვება 21 მაისიდან განახლდება, შენობაში შესვლისას მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ

საკანონმდებლო ორგანოში მედიის წარმომადგენლები მუშაობას 21 მაისიდან „კოვიდ-19“-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობაში შესვლისას მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირების პრინციპის დაცვა.

ამასთან, პარლამენტის შენობაში განსაზღვრული იქნება ინტერვიუების ჩაწერის რამდენიმე ლოკაცია (ც კორპუსის მე-3 და მე-5, ხოლო ბ კორპუსის, მე-2 და მე-3 სართულები). მედიის წარმომადგენლების და მათი რესპონდენტების კომუნიკაციისას ასევე დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული დისტანცია.

დროებით გაგრძელდება შეზღუდვა მედიის წარმომადგენლების დასწრებაზე კომიტეტის სხდომებზე, ხოლო პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ისინი განთავსდებიან სპეციალურად მედიისთვის განკუთვნილ ლოჟაში. ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება საკომიტეტო და პლენარული სხდომების, ასევე ბრიფინგების და სხვა ღონისძიებების ტრანსლირება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ამასთან, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონდებლო ორგანოში პერიოდულად ტარება სადეზინფექციო ღონისძიებები. შენობის სხვადასხვა წერტილში დამონტაჟებულია სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები.