პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ
პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ

პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პირველი მოსმენის რეჟიმში მსჯელობენ. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ რეგულაციებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცნობს.

დეპუტატის თქმით, ცვლილებების მომზადების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომართვის წარდგენამ განაპირობა.

„პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით წინადადება შემოვიდა, რომლითაც თხოვნა იყო, რომ კანონში არსებული საკანონმდებლო ხარვეზები განხილულიყო, რომელიც მაუწყებლის საქმიანობას პრაქტიკაში გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა და სამართლებრივი კოლიზიის პირობებში გარკვეული საკითხების გადაწყვეტა რთული იყო, ან ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი.

მაუწყებლის საქმიანობის მეტი დამოუკიდებლობისა და მის საქმიანობაში იმ შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებისთვის სამუშაო ჯგუფი დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში მუშაობდა, სადაც ჩართული იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებელი, კომიტეტების წარმომადგენლები, ექსპერტები.

ამასთან, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ექსპერტებთან ერთად მუშაობდა. ეს ჯგუფი ცვლილებებს შვიდი თვის განმავლობაში ამზადებდა და პრინციპებთან დაკავშირებით გარკვეული ჩამონათვალის შეთანხმება მოხდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას ცნობით, ინიცირების შემდეგ, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, როგორც საჯარო, ასევე დახურულ ფორმატში.

ეკა ბესელიამ დეპუტატებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტი მუხლობრივად გააცნო.

საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.