პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საკითხზე შეხვედრა გაიმართა
პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, საუბრის მთავარი თემა იყო 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის ხელმოწერილი შარლ მიშელის დოკუმენტი, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც მართლმსაჯულების საკითხს ეხება.

როგორც შეხვედრის შემდეგ სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში არსებული გამოწვევები და სისტემური პრობლემები იყოს სწორად დანახული.

„მთავარი საკითხი, რაზეც დღეს ვისაუბრეთ იყო 19 აპრილის დოკუმენტი და მისი შესრულების პერსპექტივები, დოკუმენტში სასამართლოსთან დაკავშირებით გაწერილ საკითხებზე განსხვავებული ინტერპრეტაციები შეიძლება და ჩვენ განსხვავებულად ვკითხულობთ, მმართველი პოლიტიკური გუნდი შეიძლება, სხვანაირად კითხულობდეს, თუმცა მთავარი საკითხი ის არის, რომ ფუნდამენტური რეფორმის პერსპექტივა არ არის გამორიცხული. ეს არის პირველ რიგში პოზიცია ხელისუფლებისგან, რაც მისასალმებელია, თუმცა როგორ მივდივართ ამ რეფორმამდე ეს არის გასაწერი და დღეს სამწუხაროდ, ყველა დეტალზე არ გვქონია საუბარი. მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოში არსებული გამოწვევები, პრობლემები, სისტემური პრობლემები იყოს სწორად დანახული და არ გვქონდეს განცდა, რომ მორიგი ზედაპირული რეფორმით ჩვენ ვუშველით არსებულ პრობლემებს“, – განაცხადა გურამ იმნაძემ.

საიას წარმომადგენლის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ფუნდამენტური რეფორმებისთვის რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯია გადასადგმელი.

„გვგონია, რომ ფუნდამენტური რეფორმებისთვის რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯია გადასადგმელი, პირველი ეს არის არამოსამართლე წევრების ოპოზიციასთან შეთანხმებით დანიშვნა ფართო კონსესუსით. მეორე – ორი მესამედის წესის შემოღება საბჭოში, რათა გავლენა მოახდინონ არამოსამართლე წევრებმა სასამართლოს რეფორმის პროცესზე და მათ ყოფნას აზრი ჰქონდეს. ასევე მნიშვნელოვანია კლანური მმართველობის შეფასება, რასაც შემდეგ უკვე უნდა მოყვეს ნაბიჯები სასამართლოს ამჟამინდელი შემადგენლობის გაუმჯობესების მიმართულებით“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, შეხვედრა დააფიქსირა პოზიცია, რომ „ქართული ოცნება“ იქნება ერთგული და ზედმიწევნით შეასრულებს შარლ მიშელის დოკუმენტში გათვალისწინებულ საკითხს, რომელიც უკავშირდება სასამართლო სისტემაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

„სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას მე დავაფიქსირე ერთმნიშვნელოვნად პოზიცია, რომ „ქართული ოცნება“ იქნება ერთგული და ზედმიწევნით შეასრულებს შარლ მიშელის დოკუმენტში გათვალისწინებულ საკითხს, რომელიც უკავშირდება სასამართლო სისტემაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. „ქართული ოცნება“ რჩება ამ შეთანხმებისა და პუნქტების ერთგული, რაზეც ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა. აქ არის ასევე საუბარი იმაზე, რომ ყველას აქვს საკუთარი აზრი, აღქმა და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი რომ დაესვას სპეკულაციას, ამ დოკუმენტითაც არის შემოთავაზებული საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა. ამიტომ, ჩვენ ვაფიქსირებთ მზაობას, რომ იყოს კონკრეტული შეფასებები დაფუძნებული არა აღქმებზე, განწყობებსა და სუბიექტურ დამოკიდებულებებზე, არამედ შესწავლილი იქნეს საერთაშორისო მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტების მიერ ობიექტურად რა მოცემულობაა სასამართლო სისტემაში, სად ვართ დღეს ჩვენ, დაიდოს შეფასება და ამის მიხედვით ვიმსჯელოთ, არიან თუ არა მართლები, როდესაც არის ისეთი შეფასებები, თითქოს საუბარია კლანზე, თითქოს საუბრობენ, რომ არის რაღაც დარღვევები და ასე შემდეგ. დაიდოს შეფასება და აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ არის პრობლემა რომელიც საჭიროებს გადაჭრას, მზად ვიქნებით ამ საკითხებზე ვიმუშაოთ ყველასთან, ვისაც სურს კონკრეტული საკითხების გადაჭრა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.