პარლამენტში ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ
პარლამენტში ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.

დეპუტატების კითხვები ფინანსთა მინისტრთან ძირითადად 2020 წლის ბიუჯეტს შეეხება. კანონმდებლების განცხადებით, კითხვები ასევე ლარის გაუფასურების საკითხსაც შეეხება.

„ძირითადი შეკითხვები, განხილვა, ვფიქრობ, კონცენტრირებული იქნება ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებს, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, ისე განსაკუთრებით იმ მუხლებს, რომლებიც ითვალისწინებს სერიოზულ ზრდას როგორც პროექტების დაფინანსებაში, ასევე ხელფასით უზრუნველყოფაში. ეს ბალანსი არის საინტერესო და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზეც საუბარი იქნება. არის კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რომლებიც ეხება მიმდინარე საკითხებს, ლარის კურსს რასაკვირველია, რომელიც ინტენსიურად რეაგირებს ამ დაძაბულ სიტუაციაზე, ასევე მაინტერესებს, რა შედეგები მოიტანა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია ბოიკოტს განაგრძობს და საკანონმდებლო ორგანოში ივანე მაჭავარიანის მოსმენას არ დაესწრებიან, თუმცა უმცირესობა აცხადებს, რომ 2020 წლის ბიუჯეტი მათთვის მიუღებელია.

დატოვე კომენტარი