პარლამენტში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთა კენჭისყრის მეორე ტური დღეს გაიმართება
პარლამენტში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთა კენჭისყრის მეორე ტური დღეს გაიმართება

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კენჭისყრის მეორე ტური გაიმართება, – ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დღეს კენჭისყრა გაიმართება ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატზე.

„გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესში ორი ვაკანტური ადგილი დარჩა, შესაბამისად, ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი არის გადასული მეორე ტურში და ამაზეც გვექნება კენჭისყრა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა გუშინ იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. გუშინდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღეს ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).