პარლამენტში იუნკერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს [ფოტო]
პარლამენტში იუნკერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს [ფოტო]

საქართველოს პარლამენტში 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.

პარლამენტის შენობის ეზოში მდებარე ტაძარში იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ასევე, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებიან იუნკრების შთამომავლები, ჩოხოსნები და საპატიო სტუმრები.

ღონისძიებას გახსნის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. ამასთან, შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ არჩილ თალაკვაძე, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი გახარია და ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც სესიაშვილმა ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ქართველმა იუნკრებმა თავიანთი სიცოცხლის ფასად დაიცვეს თბილისი და არნახული მამაცობა გამოამჟღავნეს. მისივე თქმით, მათ მომავალ თაობებს სამშობლოსთვის თავგანწირვის მაგალითი უჩვენეს.

„ტრადიციულად პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის გმირებს. 99 წლის წინ ამ დღეს რუსეთის წითელმა არმიამ მასირებული შეტევა განახორციელა თბილისზე და გულანთებულმა ახალგაზრდებმა, ჩვენმა იუნკერებმა თავიანთი სიცოცხლის ფასად დაიცვეს თბილისი. არნახული მამაცობა გამოამჟღავნეს. ამ მამაცობის საფუძველი იყო სამშობლოს სიყვარული, თავისუფლებისადმი ერთგულება, იმის განცდა, რომ ჩვენ გვქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ის, რაც მათ მაგალითად დაუტოვეს მომავალ თაობებს, არის თავგანწირვის მაგალითი. ამ მაგალითზე დღესაც იზრდებიან კურსანტები. კვლავაც ერთი მოტივაცია გვაქვს, ჩვენ გვიყვარს სამშობლო, გვინდა თავისუფლება და დამოუკიდებელი სახელმწიფო. სამწუხაროდ, 100 წლის შემდეგ კვლავ ამისთვის ბრძოლა გვიწევს, მაგრამ მართლები ვართ და გავიმარჯვებთ“ ,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.