პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს გიორგი გახარიას მოუსმენენ
პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს გიორგი გახარიას მოუსმენენ

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიასთვის გაგზავნილი შეკითხვების შინაარსი ძირითადად ქვეყნის ეკონომიკასა და ანტიკრიზისულ გეგმას ეხება.

გახარიასთან გვექნება კითხვები იმაზე, რაც არის დღეს მთავარი გამოწვევა, საქართველოს აქვს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებელი შიმშილის ინდექსში, ინფლაციის ფონზე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები რჩებიან, ფაქტობრივად, ყველანაირი დახმარების გარეშე . ასევე გვაქვს შეკითხვა სიღარიბესთან დაკავშირებით. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ნახოს, რომ დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელმაც ბედის ანაბარა მიატოვა საკუთარი ხალხი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინტერპელაციის ფორმატში გაგზავნილი კითხვები ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრს 27 მაისს უკვე დაუსვა.

„გაგვიკვირდა, რომ ძალაში დარჩა ის შეკითხვები, რომლებიც დაისვა ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში, რადგან ეს კითხვები რეალურად 27 მაისს უვე დაისვა ოპოზიციის მხრიდან. ფაქტობრივად, მოგვიწევს იმ თემების გამეორება, რაზეც იყო საუბარი, თუმცა ეს არის პროცედურა და ბუნებრივია, გვექნება მსჯელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენაზე დასწრებას არ აპირებენ დამოუკიდებელი დეპუტატები.

პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს ან მთავრობის წევრს კითხვით მიმართოს. შეკითხვა წერილობითი უნდა იყოს და შინაარსი კი კონკრეტული. რეგლამენტის მიხედვით, ადრესატი ვალდებულია, შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოს.

ამასთან, მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრი პარლამენტში უკვე იყო მისული. 27 მაისს გიორგი გახარიამ დეპუტატებს „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გაწეული ორთვიანი საქმიანობის შესახებ ანგარიში საკუთარ ინიციატივით წარუდგინა. როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაური პარლამენტს ივნისის დასაწყისშიც ესტუმრება და მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

დატოვე კომენტარი