პარლამენტში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ
პარლამენტში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. მინისტრის რანგში ლაშა ხუციშვილი დეპუტატების წინაშე პირველად წარდგება.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ფინანსთა მინისტრი გაამახვილებს ყურადღებას.

საპარლამენტო ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. მთავარი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია გაამახვილებს ყურადღებას, ლარის კურსი და კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიაა.

„დღეს ფინანსთა მინისტრი მოვა ამ დარბაზში და ძალიან მძიმე დღე იქნება მთავრობისთვის. ფინანსთა სამინისტრო, როგორც ბიუჯეტის ასე ვთქვათ მესვეური, არის ამავე დროს სარკე. აი, ჩახედავ ბიუჯეტში და დაინახავ ამ ხელისუფლების ეკონომიკური წარუმატებლობის საშინელ სურათს. პანდემიის პერიოდში ხუთი მილიარდი ლარი აიღეს მხოლოდ პანდემიის კრიზისის დასაძლევად და ამ სახსრების ძალიან დიდი ნაწილი იყო გამოყენებული არაეფექტიანად. ბიუჯეტში ფული იხარჯებოდა არა ადამიანების სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ან ბიზნესის მხარდასაჭერად, არამედ ყველა იმ პროგრამის დასაფინანსებლად, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს, იმ პროექტებს, სადაც ტენდერებში ხელისუფლებასთან დაკავშირებული ხალხი იგებდა და შემდეგ უკვე ამ ფულის ნაწილს საარჩევნო ყულაბაში აბრუნებდა ხოლმე. ძალიან მძიმე იქნება ფინანსთა მინისტრისთვის იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რატომ გაღატაკდა ქვეყანა. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, რა მოუვიდა ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2020 წელს ჩვენს სახელმწიფოს, ეს არის ჩავიძირეთ უფრო მეტ სიღარიბეში. სიღარიბის დაძლევა და ამ უმძიმესი ფინანსური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ჯანსაღი ხელისუფლება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.

ფინანსთა მინისტრთან კითხვები მმართველ გუნდშიც აქვთ. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, ლაშა ხუციშვილს კითხვებს ქვეყანაში არსებულ ინფლაციასა და საგადასახადო შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებით დაუსვამენ.

„დღეს მთავრობის საათის ფორმატში მოდის ფინანსთა მინისტრი. ლაშა ხუციშვილისთვის ახალი არ არის ეს ფორმატი. ბუნებრივია, იქნება კითხვები ყველა მიმართულებით. აპრილის თვის რეკორდულმა ეკონომიკურმა ზრდამ რეალობა შეცვალა. გამომდინარე აქედან, დღის წესრიგში დგას ბიუჯეტის კორექტირების საკითხი. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მოხდეს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, რადგან ბიუჯეტის შემცირება იწვევს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას ქვეყანაში. კითხვები გვექნება საგადასახადო შემოსავლების ზრდასთან, ქვეყანაში არსებულ ინფლაციასთან, ფასების სტაბილურობასთან, ლარის კურსთან დაკავშირებით და ყველა იმ მიმართულებით, რაც დამახასიათებელია ფინანსური სფეროსთვის“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.