პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მოუსმენენ
პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მოუსმენენ

2018 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში გრძელდება. დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მოუსმენენ.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, პირველ კვარტალში პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება. მისივე თქმით, ამავე პერიოდში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ხუთ პროცენტზე მაღალია. რაც შეეხება საგადასახადო შემოსულობებს, მისივე თქმით, ის გადაჭარბებით შესრულდა.

„ჩვენ საკმაოდ კარგი ტენდენციები გვაქვს განსაკუთრებით ეკონომიკური ზრდის კუთხით. ხუთ პროცენტზე მაღალია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში. მარტში 5.6℅ დაფიქსირდა ეკნომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც საბოლოოდ აისახა ბიუჯეტზეც საგადასახადო შემოსავლები არის გადაჭარბებით შესრულებული. ასევე ჯამურად ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი არის გადაჭარბებით შესრულებული. შემოსულობები სხვადასხვა სახის არის. ჯამში, რაც დაგეგმილი იყო მთლიანად შემოსულობებში 221 მილიონი ლარით მეტია. მათ შორის შემოსავლებია 2.6 მილიარდი ლარი“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტში ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 94%-ით შესრულდა.

„რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, დაახლოებით 94 ℅- ია პირველ კვარტალში დაგეგმილი მაჩვენებლის შესრულებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, რაც გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 90 მილიონი ლარით უფრო მეტია წელს ათვისებული და ვფიქრობ, რომ წელს დაგეგმილი 3.3 მილიარდი ლარის პროექტები, რაც 2018 წლისთვის დაიგეგმა სრულად იქნება ათვისებული შეფერხებების გარეშე“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.