პარლამენტში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ანგარიშს მოისმენენ
პარლამენტში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ანგარიშს მოისმენენ

პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის განხორციელების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს მოისმენენ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეები საკომიტეტო განხილვისას ქვეყნის მასშტაბით მავნებელი მწერის წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებისა და ასევე სამომავლო პრევენციულ გეგმებზე ინფორმაციას კანონმდებლებს მიაწვდიან.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განმარტებით, ანგარიშის მოსმენა კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2018 წლის გეგმის ფარგლებში იმართება.

„ჩვენ მოვისმენთ ანგარიშს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ განვლილ ეტაპზე და მათ შორის, იმ სამუშაოების, იმ გეგმების შესახებ, რომელიც აქვს სამთავრობო კომისიას და შესაბამის სამინისტროებს დასახული ამ მავნებელი მწერის წინააღმდეგ. ეს იქნება საინტერესო საკომიტეტო მოსმენა, იმის გათვალისწინებით, რომ გვექნება შესაძლებლობა, შევაფასოთ უკვე განვლილი პერიოდი და მეორე მხრივ, მოვისმინოთ, თუ რა იქნება შემდგომ პერიოდში“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.