პარლამენტის ეთიკის საბჭო პირველ შეხვედრას გამართავს
პარლამენტის ეთიკის საბჭო პირველ შეხვედრას გამართავს

საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება და ის საორგანიზაციო ხასიათის იქნება.

ეთიკის საბჭომ უნდა განიხილოს საჩივრები ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის შესახებ და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს. ასევე, საბჭოს ვალდებულებაა რეკომენდაციების გაცემაც. ეთიკის საბჭო პირველივე სხდომაზე დაიწყებს მუშაობას დებულებაზე და ყველა იმ ფორმაზე, რომელიც მისი ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. საბჭოს სხდომები დახურული იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ საბჭოს პირველივე შეხვედრაზე დეპუტატებს, გიგა ბოკერიასა და გია ვოლსკის შორის მომხდარი დაპირისპირება განიხილონ.

„საბჭო იქნება გარკვეულწილად შემაკავებელი ბარიერი თუნდაც მათთვის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ გარკვეული თემა, მსგავსი სიძულვილის ენით წარმოაჩინოს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა.

საპარლამენტო ოპოზიციაში დადებითად აფასებენ ეთიკის საბჭოს შექმნას, თუმცა ფიქრობენ, რომ საბჭო პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებებზე არ მოახდენს ობიექტურ რეაგირებას.

„თუ უმრავლესობას არ აქვს შეცვლილი ის დამოკიდებულება, რომ როცა კუთხეში აღმოჩნდებიან არ უნდა გადავიდნენ ტალახის სროლაზე, ეთიკის საბჭო ამას ვერ უშველის”, – განაცხადა „ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ.

უკვე ცნობილია , რომ საბჭოს 14-კაციანი შემადგენლობიდან შვიდი ადგილი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, სამი – „ევროპულ საქართველოს“, ერთი  – „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი – „პატრიოტთა ალიანსს“, ორი კი, დამოუკიდებელ დეპუტატებს.