პარლამენტში დღეს ნათია თურნავას მოუსმენენ
პარლამენტში დღეს ნათია თურნავას მოუსმენენ

მინისტრის საათის ფორმატში დღეს საქართველოს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმენენ. ნათია თურნავა დეპუტატებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს და შემდეგ მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოსმენას ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ესწრება. „სტრატეგია აღმაშენებლს“ ძირითადად კითხვები ენერგოუსაფრთხოების კუთხით ექნება.

„მოვისმენთ ქალბატონი თურნავას გამოსვლას და რა თქმა უნდა, კითხვები გვექნება. მე პირადად მაინტერესებს, თუ რა ენერგეტიკული პოლიტიკა აქვს დღეს საქართველოს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ ჰესის პროექტი ჩავარდა. ამასთან ერთად, რეალურად გაზრდილი არის მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ისევე როგორც არსებობს რეალურად გამოწვევები ენერგოუსაფრთხოების კუთხით. შესაბამისად, ჩემი მთავარი კითხვები იქნება ენერგოუსაფრთხოება და ის გამოწვევები, რომელიც მოითხოვს კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებას და რომლის შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებას არ გააჩნია”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ

რაც შეეხება მმართველ გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობა ეკონომიკის სამინისტროს წლიურ მუშაობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ გასულ წელს ეკონომიკის ზრდა მაღალი ტემპით გამოირჩეოდა, რაშიც, ბექა დავითულიანის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს დიდი წვლილი მიუძღვის.

„იყო პანდემია, რაც ეკონომიკას დაეტყო ძალიან ნეგატიურად, მაგრამ გასულ წელს ქართული ეკონომიკა აღდგენის მაღალი ტემპით გამოირჩეოდა. ეს დასაფასებელია. რა თქმა უნდა, ამაში წვლილი ეკონომიკის სამინისტროსაც მიუძღვის. რაც შეეხება კითხვებს, მაინტერესებს, რამდენად მიიჩნევს მიზანშეწონილად რეგულაციების დაწესებას იმისთვის, რომ ეკონომიკამ უფრო აქტიურად დაიწყოს მუშაობა”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.