გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი კობახიძე პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიულ ხედვას წარადგენენ
გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი კობახიძე პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიულ ხედვას წარადგენენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიულ ეროვნულ ხედვას წარადგენენ.

ახალი კონცეფციის წარდგენა 2018 წლის 5 მარტს, საქართველოს პარლამენტში თბილისში გაიმართება და მას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, კახა კალაძე; საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ნილს სკოტი; ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო და საქართველოში შვეიცარიის ელჩი ლუკას ბეგლინგერი მიმართავენ.

პარლამენტის ინფორმაციით, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.

დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის წარდგენის შემდეგ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება იგეგმება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი და მთავრობა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.