პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას უყრიან კენჭს
პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას უყრიან კენჭს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას უყრიან კენჭს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალური ხარჯების დაფინანსებაზე.

„დღეს ვამთავრებთ საბიუჯეტო პროცესს, მოხდება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის განხილვა. მოგეხსენებათ, საბოლოო ვერსიაში გაზრდილი არის ხარჯების ნაწილი 332 მილიონით, გაეზარდა ხარჯვა თითქმის ყველა სუბიექტს. 10 პროცენტით გაზრდილი არის ხელფასების ნაწილი საჯარო სამსახურებში. ეზრდებათ ხელფასები პოლიციელებს, მასწავლებლებს, ყველა იმ თანამშრომელს, ვინც საჯარო სამსახურებშია დასაქმებული; გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, რომელიც 4,4 პროცენტზე არის, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არის 6 პროცენტის ოდენობით და აღწევს 65 მილიარდ ლარს; სამთავრობო ვალი არის შემცირებული 51 პროცენტამდე. ეს მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრებია იმისათვის, რომ მომავალ წელს შენარჩუნებული გვქონდეს მაკროეკონომიკური და მონეტარული წონასწორობა.

ვფიქრობ, რომ ეს ბიუჯეტი ორიენტირებული არის სოციალური ხარჯების დაფინანსებაზე, ასევე კორონავირუსის ხარჯების დაფინანსებისთვის ცალკე გვაქვს გამოყოფილი ნახევარი მილიარდი ლარი“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.