პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი საკომიტეტო განხილვა გაიმართება
პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი საკომიტეტო განხილვა გაიმართება

საქართველოს პარლამენტში დღეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი საკომიტეტო განხილვა გაიმართება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარადგენს.

მანამდე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ასევე განიხილავენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4.5 %-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისთვის 12 მილიარდ 729 მილიონი ლარია გამოყოფილი. აქედან თანხის 30 პროცენტი სოციალური ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.

„ვასრულებთ კომიტეტების დონეზე ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის განხილვას. ვერსია არის წარმოდგენილი მთლიანი შიდა პროდუქტის 35-პროცენტიან ზრდაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი 45 მილიარდ ლარს მიაღწევს. გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 12 მილიარდ 740 მილიონამდე. ამას დახარჯავს ქვეყანა მომავალ წელს. ასევე, 2018 წლისგან განსხვავებით, 270 მილიონით მეტი დაიხარჯება, ვიდრე წელს იხარჯებოდა. გათვალისწინებულია რამდენიმე სამინისტროს ხარჯების ზრდა. მიზნობრივი ინფლაცია მომავალ წელს გვექნება სამი პროცენტის ფარგლებში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია მთავარ ფინანსურ დოკუმენტს იწუნებს და აღნიშნავს, რომ ბიუჯეტი საზოგადოების ინტერესებს არ ასახავს. ლარის კურსი, საგარეო და საშინაო ვალი, ბიუროკრატიული ხარჯები, ბიუჯეტის არამიზნობრივი დაგეგმვა, – ეს არის საკითხები, რომლებზეც საპარლამენტო უმცირესობას ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან კითხვები აქვს.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში 9 ოქტომბერს დაიწყო.