პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი შევიდა
პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი შევიდა

პარლამენტში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული დოკუმენტი შევიდა.

პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსულობები პირველ ვარიანტთან შედარებით 357 მილიონი ლარით, 12 968 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი. მათ შორის, გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები გაიზარდა 80 მილიონი ლარით 9,645 მილიარდ ლარამდე, გრანტები 102 მილიონი ლარით 368,5 მილიონ ლარამდე, ხოლო კრედიტები 145 მილიონი ლარით 2,305 მილიონ ლარამდე.

ამასთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები პირველ წარდგენასთან შედარებით 268 მილიონი ლარით იზრდება.

ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში ასახულია პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 50 ლარის ღირებულების პაკეტის გაცემას ითვალისწინებს (20-ლარიანი ფულადი დახმარება, 30 ლარი კვების ვაუჩერი).

გარდა ამისა, გაზიფიცირების პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება და ჯამურად რეგიონებში ამ მიმართულებით 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება 34 მილიონი ლარით იზრდება, მათ შორის ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 10 მილიონი ლარით.