პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე სამი კომიტეტის თავმჯდომარე უნდა აირჩიოს
პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე სამი კომიტეტის თავმჯდომარე უნდა აირჩიოს

პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე სამი კომიტეტის თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. იმის გათვალისწინებით, რომ სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს, თვითმმართველობის, ჯანდაცვისა და სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელების პოსტები ამ დროისთვის ვაკანტურია.

არსებული ინფორმაციით, თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ზარქუას კანდიდატურა განიხილება, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კი, ვიქტორ სანიკიძის კანდიდატურა მოიაზრება, რომელიც ასევე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

ამ დროისთვის არ კონკრეტდება, ვინ შეიძლება ჩაიბაროს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. რეგლამენტის გათვალისწინებით, სამი კომიტეტის თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე თვის წინ დატოვეს. საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად კი ის დააფიქსირეს, რომ კონკრეტულ საკითხებზე საკუთარი პირადი პოზიციების დაფიქსირება სურთ.