პარლამენტმა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრად მიხეილ ჩიკვილაძე დაამტკიცა
პარლამენტმა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრად მიხეილ ჩიკვილაძე დაამტკიცა

პარლამენტმა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრად მიხეილ ჩიკვილაძე დაამტკიცა. ჩიკვილაძეს მხარი დაუჭირა 94-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი არც ერთი დეპუტატი არ წავიდა.

საკანონმდებლო ორგანომ მიხეილ ჩიკვილაძე საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ სამ კანდიდატს შორის დაამტკიცა. კერძოდ, მიხეილ ჩიკვილაძის გარდა, საკონკურსო კომისიის მიერ 4 მარტს შერჩეულ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს შორის იყვნენ მანანა ღოღობერიძე და ნინო მინდიაშვილი.

საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა: მალხაზ ასლამაზაშვილი​; დონარა შონავა​; მიხეილ ჩიკვილაძე; ზაალ ანჯაფარიძე; მიხეილ ჭიაურელი; მანანა ღოღობერიძე; ნინო მინდიაშვილი; ია მამალაძე და იოსებ ჭუმბურიძე.

საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ღია კონკურსი 8 თებერვალს გამოაცხადა, ხოლო სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა 21 თებერვალს დაამტკიცა.

საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზაზა შათირიშვილმა პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 24 დეკემბერს მიმართა. ზაზა შათირიშვილი სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული.