პარლამენტმა სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი დღევანდელ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით მიიღო.

კანონპროექტი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხს არეგულირებს. მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელი იყო მშენებლობის შემდეგ, დასრულებული შენობის ექსპლოატაციაში მიღება, თუ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას გამოვლინდებოდა გარკვეული დარღვევები.

ცვლილებებით ასევე განისაზღვრება თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი.

საკანონმდებლო ცვლილებები ობიექტის მესაკუთრეებს კუთვნილი ფართის თავისი შეხედულებით, დადგენილი წესის დაცვით გამოყენების საშუალებას მისცემს.

ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ მშენებლობებს, რომელთა ნებართვა 2020 წლის 18 აგვისტომდეა გაცემული.

კანონპროექტი პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ბექა დავითულიანის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი ზარქუას, ანა ბუჩუკურის, მიხეილ დაუშვილის, ბექა ლილუაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.