პარლამენტმა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც წინა მოწვევის პარლამენტში, 2019 წელს მოხდა. კანონპროექტის განხილვა წინა მოწვევის პარლამენტში შედგა, კენჭისყრის პროცედურა კი დღეს გაიმართა.

კანონპროექტის დამტკიცებამდე, ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროექტის თაობაზე ათი დღის წინ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც იმყოფებოდნენ საელჩოების წარმომადგენლები, რომელთა დახმარებითაც ცვლილებები მომზადდა. სპიკერის ცნობით, კანონპროექტის მიღების შემდეგ დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომელთა ევროდირექტივასთან ჰარმონიზებაც აუცილებელია და სწორედ ამიტომ, მიღებულია გადაწყვეტილება, მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდეს.

„შემუშავდება ახალი საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, დაჩქარებული წესით მივიღებთ, რათა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ჰარმონიზებული იყოს ევროდირექტივასთან“, – დასძინა კუჭავამ.

ამასთან, ცვლილებებით შეიცვალა კანონის ამოქმედების ვადა და 2021 წლის 30 დეკემბერი განისაზღვრა.

ცვლილებების თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კატეგორიზაცია განისაზღვრება და კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები სამ კატეგორიად დაიყოფიან. ასევე, ხდება ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.