პარლამენტის წინ დღევანდელი აქცია დასრულდა
პარლამენტის წინ დღევანდელი აქცია დასრულდა

პარლამენტის წინ დღევანდელი აქცია დასრულდა. ოპოზიციის ლიდერთა უმეტესობამ რუსთაველის გამზირი დატოვა.

ადგილზე რჩება აქციის მონაწილეთა ნაწილი.

კვლავ გადაკეტილი რჩება რუსთაველის გამზირი. გზის სავალ ნაწილზე, ისევე, როგორც ტროტუარზე, ხის კონსტრუქციები და კარვებია გაშლილი.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები და აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის წინ, კარვებში მთელი ღამით დარჩება. მათივე თქმით, 24-საათიან რეჟიმში აქციები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

აქცია დასრულდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთანაც. როგორც ადგილზე მყოფმა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა განაცხადეს, ისინი კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.  

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი უმრავლესობის რიგებს და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.

ოპოზიციურმა პარტიებმა კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.