პარლამენტის წევრებისთვის საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა დაიწყო
პარლამენტის წევრებისთვის საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა დაიწყო

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ინიციატივითა და ორგანიზებით, პარლამენტში დეპუტატებისათვის პირველად ხორციელდება სასწავლო პროგრამა – „კომპანიების პერსპექტივიდან“, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამა საჯარო-კერძო დიალოგის ბრიტანულ მოდელს ეფუძნება, მოიცავს დეპუტატთა ვიზიტების სერიას კერძო კომპანიებში, კანონმდებლებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებისათვის, რამაც საბოლოო ჯამში ბიზნესის მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი.

პროგრამის პირველი აქტივობა საქართველოს ტყის კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ინიციატივით, მიეძღვნა თემას – „ტყის რესურსების მართვა და მწვანე დაფინანსება“, პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების – „მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება“ – ფარგლებში.

კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, კომიტეტის წევრების პირველი ვიზიტი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალში“ შედგა, სადაც დეპუტატები ასევე შეხვდნენ ბრიკეტის მწარმოებელი კომპანია „კერას“ წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, BEC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კაციაშვილმა.

„მსგავსი ფორმატები საინტერესო და მნიშვნელოვანია საპარლამენტო საქმიანობის უკეთესად დაგეგმვისათვის. თავის მხრივ, მნიშვნელოვანი და სენსიტიურია ის საკითხიც, რომელზეც შევიკრიბეთ. უკვე ორშაბათს ვგეგმავთ ტყის კოდექსის პროექტზე პირველ მოსმენას, პრინციპების დონეზე. შედეგი საბოლოოდ ახალი ტყის კოდექსის მიღებაა, რომელიც მდგრადი მართვის თანამედროვე პრინციპებს დანერგავს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში მივალთ იმ შედეგამდე, რომელიც მეტნაკლებად მისაღები იქნება ყველასათვის. იმედია, ისეთ ფუნდამენტს ჩავყრით, რომელიც შეუქცევადი იქნება შემდგომი ცვლილებებისთვის“, – განაცხადა კახა კუჭავამ და მწვანე ეკონომიკის, მათ შორის, მწვანე დაფინანსების მნიშვნელობაზე და ამ სექტორის საკანონმდებლო უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, კომიტეტი თავის, მხრივ მზად არის, ხელი შეუწყოს ყველა იმ იდეის განხორციელებას, რომელიც მწვანე ეკონომიკას უკავშირდება.

ნათია კაციაშვილმა პარლამენტსა და კერძო სექტორს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს კანონმდებლებს, გაიაზრონ კერძო სექტორის საჭიროებები და ეკონომიკური კანონმდებლობის განხილვის პროცესში, მაქსიმალურად მოახდინონ კერძო სექტორის მოსაზრებების გათვალისწინება, ამავე დროს, ეკონომიკური კანონმდებლობის შემუშავებაზე უზრუნველყოფილი იყოს ინტერესთა ჯგუფების ინკლუზიური ჩართულობა.

შეხვედრაზე მოისმინეს ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძის და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელის, მანუჩარ ჩიტაიშვილის მოსაზრებები საქართველოში მწვანე დაფინანსების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, ასევე მწვანე დაფინანსების საუკეთესო პრაქტიკებისა და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.

დეპუტატები ასევე შეხვდნენ ალტერნატიული, ბიოსაწვავის – ბრიკეტის მწარმოებელი კომპანია „კერას“ ხელმძღვანელ ირაკლი შანიძეს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) საზოგადოების პროგრამის დირექტორ ჰანს-იოაკიმ ლიპს და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტ რამაზ გერლიანს.

კანონმდებლებმა კერძო სექტორისა და სფეროს ექსპერტების მონაწილეობით იმსჯელეს საქართველოში ტყის რესურსებისა და ხე-ტყის ნარჩენების მართვის პოლიტიკასა და პრაქტიკაზე; მდგრადი წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობისათვის მწვანე პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებზე. მოისმინეს უცხოელი ექსპერტის მოსაზრებები და რეკომენდაციები საქართველოს ტყის რესურსების მდგრადი მართვის თაობაზე.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან თანამშრომლობით, „მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარების“ ფარგლებში, დაგეგმილია პროგრამის შემდეგი აქტივობა თემაზე – „წყლის რესურსების მდგრადი მართვა“, შესაბამისად, გაგრძელდება კომიტეტის წევრების სტუმრობა შესაბამისი პროფილის კერძო კომპანიებში.

პროგრამა ხორციელდება ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ხელშეწყობით და ამ პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა „მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება“.