გია ვოლსკი - არსებობს პირადი ურთიერთობები, ერთმანეთის აზრის პატივისცემა და არ მგონია, ეს რამემ შელახოს
გია ვოლსკი - არსებობს პირადი ურთიერთობები, ერთმანეთის აზრის პატივისცემა და არ მგონია, ეს რამემ შელახოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა კონსულტაციები გამართეს.

შეხვედრას უმრავლესობიდან წასული დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, მთავარი თემა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება იყო, თუმცა, მცირე დრო დაეთმო 2020 წლის ბიუჯეტის საკითხებსაც.

„არსებობს პირადი ურთიერთობები, ერთმანეთის აზრის პატივისცემა და არამგონია, ეს რამემ შელახოს. ამაზე ვილაპარაკეთ. რასაკვირველია, დღევანდელი თემა მთავარი საკითხია. გავაანალიზეთ, ყველამ თავისი აზრი თქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია მოვლენების ასეთი განვითარება. მხოლოდ ამ თემაზე არ იყო ლაპარაკი. ცოტა დრო, თუმცა დავუთმეთ ბიუჯეტის საკითხებს, ასევე, იმ საკითხებს, რასთან დაკავშირებითაც გარკვეულწილად ჩვენს კოლეგებს გული ეთანაღრებათ, რაც უნდა გასწორდეს. სოციალურ თემებზე ორიენტირებულმა ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს 2020 წლის მთავარ პოლიტიკაში“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ შეიძლება, პარლამენტს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ დაკორექტირებული პროექტი წარედგინოს, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ რეგლამენტით ეს არ არის გათვალისწინებული.

„მგონია, საზოგადოება არ არის ერთი სახის, მოსაზრებები ბევრია, „ესემესებსაც“ ვიღებთ.  ყველამ შევაჯამეთ, რა ინფორმაციებით მივიღეთ ფოკუს ჯგუფებიდან, რომლებთანაც მუდმივი ურთიერთობები გვაქვს. პროპორციულ არჩევნებს შეეძლო, ეს სიტუაცია თავიდან აეცილებინა, როდესაც ყველა ერთად კისრულობს პასუხისმგებლობას სტაბილურობაზე, მაგრამ არის მეორე საპირისპირო აზრიც. ის მდგომარეობა, რასაც ქუჩაში ვუყურებთ, არის გარკვეული პროექცია იმისა, რაც 2020 წლიდან მოგველის პარლამენტში, თუკი ვერავინ მოიპოვებს უმრავლესობას, მთავრობა შეიძლება, ვერ შეიქმნას და კრიზისი დაიწყება ქვეყანაში. პროპორციულის თემას ასე ადვილად ვერ დავთმობ, მაგრამ პროპორციულიც არის შერეულში, მაჟორიტარიც არის და რასაც ვუყურებთ, ნათელაშვილის ოფისში არიან შეკრებილები, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ძალა შეიძლება, წარმოიქმნას, რომელიც დაუპირისპირდება არჩევნებში და არა ქუჩაში „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

„შეიძლება ემოციურად, შეიძლება იმიტომ, რომ  ჯერ კარგად ვერ გავაანალიზე სიტუაცია, ძალიან გული მწყდება, მაგრამ იმდენად ახლო ადამიანური დამოკიდებულებები გვაქვს ერთმანეთთან, რომ პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ“, -აღნიშნა გია ვოლსკიმ.

უმრავლესობის ლიდერის აზრით, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ უმრავლესობა სხვა წევრებმაც დატოვონ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.  

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი უმრავლესობის რიგებს და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.

ოპოზიციურმა პარტიებმა კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.