პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში გაწევრიანების საკითხზე კონსულტაციები შესთავაზა
პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში გაწევრიანების საკითხზე კონსულტაციები შესთავაზა

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის ბიუროს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში გაწევრიანებისთვის  განცხადებით მიმართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს დღევანდელ სხდომაზე გააცნო.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში ამდენი თავისუფალი ადგილი არ არის და საკითხის გადასაწყვეტად შეხვედრა და განხილვაა საჭირო.

კაზუსივით არის იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ოპოზიციონერ წევრს აქვს შემოტანილი სხვადასხვა დელეგაციაში წევრობაზე განაცხადი და ამდენი ადგილი არ არის. ამიტომ ობიექტურობიდან გამომდინარე, არ ვიცი, შეიძლება სჯობდეს, შევხვდეთ და ერთად განვიხილოთ იმიტომ, რომ ფრაქცია „ლელოს“ წევრებს აქვთ შემოტანილი, უფრაქციო დეპუტატებს აქვთ შემოტანილი და თავისუფალი ადგილები იმ დელეგაციებში არ არის. იქნებ თქვენ შეჯერდეთ ერთმანეთშიც და მერე გამოგზავნოთ მოთხოვნები, უკეთესი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში მე რაღაც სუბიექტური გადაწყვეტილება უნდა მივიღო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მოუწოდა ამ საკითხზე ერთობლივი კონსულტაციები გაიმართოს და სუბიექტურ გადაწყვეტილებას ადგილი არ ჰქონდეს.

„ბატონო ნიკა, არანაირი სუბიექტური გადაწყვეტილება. თუ გახსოვთ, ზუსტად ერთი კვირის წინ  გთხოვეთ, რომ კომუნიკაცია მომხდარიყო ყველა დამოუკიდებელ წევრთან და ფრაქციასთან, ერთადერთი ფრაქცია ჯერ „ლელო“ გვყავს.  მე მზად ვარ, თუნდაც ჩემთანაც შევხვდეთ და გავიაროთ

არ შეიძლება ეს საკითხი დასწრებით ან ასე, სუბიექტურად კომიტეტმა გადაწყვიტოს, მით უმეტეს, რომ უმრავლესობის წევრებზე არაა საუბარი. შემდეგი კვირა არის საკომიტეტო. ამიტომ შევხვდეთ ორშაბათს ან სამშაბათს ჩემთან და რაღაცა პრინციპი ავიღოთ, რომელის მიხედვითაც შევძლებთ, ყველას მოთხოვნა დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

გიორგი ვაშაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ძირითად შემადგენლობაში წევრობის თხოვნით მიმართა.

ბიურომ მიიღო ტარიელ ნაკაიძის მიმართვა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო ასამბლეის ძირითად შემადგენლობასა და მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეაში ძირითად შემადგენლობაში წევრობის შესახებ. ასევე ითხოვა საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებში წევრობა.

ხათუნა სამნიძემ ბიუროს მიმართა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ძირითადი შემადგენლობის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი შემადგენლობის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ძირითადი შემადგენლობისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობაში წევრობის შესახებ.

ბიურომ მიიღო თეონა აქუბარდის მიმართვაც, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრობის შესახებ.